“საბინაო ფონდის მართვა" - სასწავლო სემინ...

“საბინაო ფონდის მართვა" - სასწავლო სემინარი კიშინიოვში

2016 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ კიშინიოვში ჩატარდება სასწავლო სემინარი თემაზე: “საბინაო ფონდის მართვა - ფორმები, მეთოდები, წარმატებული და წარუმატებელი მაგალითები”. სემინარის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული განვითარების ინსტიტუტი” (კიშინიოვი, მოლდოვა) და “ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO, ბერლინი, გერმანია). საქართველოდან სემინარში მონაწილეობა მიიღებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA).

საბინაო მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ამ სექტორის მთავარი გამოწვევებია: არსებული საცხოვრებელი მეურნეობების წევრთა ინფორმირებულობის, უნარებისა და კომპეტენციების ნაკლებობა საერთო საკუთრების მართვის სფეროში. გარდა ამისა, არ არის ჩამოყალიბებული თანასაკუთრების პროფესიონალური მმართველების მომზადების, ისევე როგორც საჯარო მოხელეთა გადამზადების სისტემა ამ განხრით. არსებული ბინათმესაკუთრეთა ინფორმირების მექანიზმები არაეფექტურია.

ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თანასაკუთრების მართვა ძნელი ამოცანაა, რომელიც მოითხოვს პროფესიონალურ მართვასა და ბინათმესაკუთრეთა ინფორმირებას. ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულია საბინაო მეურნეობის მმართველთა და ბინათმესაკუთრეთა სწავლების სისტემა, რომელიც მოიცავს მოქალაქეთა ინფორმირებას მესაკუთრეთა პასუხისმგებლობებზე განათლების სისტემის საწყისი ეტაპებიდან.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, მოლდოვასა და უკრაინიდან. ექსპერტები განიხილავენ საბინაო მეურნეობის მართვის სფეროში თემათა ფართო სპექტრს, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს: 

  • ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება ბინათმესაკუთრეების სხვადასხვა ჯგუფებისათვის;

  • საბინაო სექტორის მიმდინარე რეფორმები;

  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბელორუსში მოქმედი საზოგადოებრივი საბჭოების მაგალითზე;

  • საბინაო მეურნეობის სანაციის პროგრამის შემუშავება და დაფინანსება;

  • ბინათმესაკუთრეებთან თანამშრომლობის არსებული პრაქტიკა, ფორმები და მეთოდები საბინაო მართვის სისტემის ჩამოსაყალიბლებლად;

  • ბინის მაცხოვრებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

მოლდოვის კომუნალური მომსახურებისა და საბინაო მეურნეობის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ორგანიზებულია სასწავლო ვიზიტები კონდომინიუმებში, საბინაო ფონდის მართვის მუნიციპალურ დაწესებულებასა და პრივატიზებული ბინების მესაკუთრეთა ასოციაციაში, მოლდოვის გამოცდილების გასაზიარებლად საბინაო მეურნეობის მართვის სექტორში.

სასწავლო სემინარის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ საბინაო სექტორის არსებულ სირთულეებსა და განვითარების პერსპექტივებს საკუთარ ქვეყნებში, ერთმანეთს გაუზიარებენ წინადადებებს მომდევნო საქმიანობის მიმართულებების შესახებ საბინაო მეურნეობის მართვის სფეროში, რომ შემდეგშიც მხარი დაეჭიროს ეროვნულ რეფორმებს შესაბამის სექტორში.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” ფარგლებში. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს ეროვნულ საბინაო რეფორმებს და გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების როლი საბინაო მართვაში. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ტექნიკური დახმარების ცენტრები - რესურსცენტრები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან და კონსულტაციას უწევენ ბინათმესაკუთრეებს.

სემინარი კიშინიოვში აგრძელებს ტრენინგებისა და აქტივობების სერიას, რომელიც მიმართულია რესურსცენტრების თანამშრომლობის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე მონაწილე ქვეყნებში. გარდა ამისა, სემინარები უკვე ჩატარდა ბაქოსა და ლვივში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ და სემინარის მასალები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.jildom.com

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA