„12 წელია ქვემოთ არ ჩავსულვარ“ - დევნილე...

„12 წელია ქვემოთ არ ჩავსულვარ“ - დევნილები წყალტუბოში

81 წლის ნათელა კოპალიანი წყალტუბოში ცხოვრობს. ის 12 წელია ქვემოთ, ეზოში არ ჩამოსულა. ყოფილ სანატორიუმში ის 1992 წლიდან ცხოვრობს. მას კარგად ახსოვს 4 ნოემბერი; დღე, როცა ისინი ამ შენობაში შეიყვანეს. პრობლემები ძალიან ბევრი აქვს, თუმცა ყველაზე მეტად ახალ დასახლებაში ბინის მიღება სურს. 

„12 წელია ქვემოთ არ ჩავსულვარ. ინსულტი დამემართა წლების წინ და გადაადგილება მიჭირს, ცალი ხელ-ფეხი წართმეული მაქვს. შვილები თბილისში ცხოვრობენ, ძალიან ბევრი წამალი მჭირდება, პენსია და სოციალური დახმარება კი ჩემს საჭიროებებს ვერ წვდება. ერთი შვილიშვილი ჩემთან ცხოვრობს და მეხმარება, დაუსაქმებელია. კორონას დროს პირბადე მარტო მე მქონდა და მეხუმრებოდნენ, კი გინდა ბებო შენ სიცოცხლეო. მგონია, რომ თავი ყველას მოვაბეზრე და შევაძულე, ჩემნაირად გაჭირვებული სხვა აქ არავინ მეგულება. კი მინდა სიკვდილი, მაგრამ არ ვკვდები”.

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმში, აფხაზეთიდან დევნილები 28 წელია ცხოვრობენ. ე.წ. კოლექტიურ ცენტრში ოფიციალურად 120 ოჯახი ცხოვრობს, დევნილთა საცხოვრებელი პირობები მძიმეა, მრავალსართულიან შენობაში არ მუშაობს ლიფტი, ოჯახები ცხოვრობენ მცირე ფართებში და საძინებელი, სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეში აქვთ მოწყობილი.
ცენტრმა აფხაზეთმა სამეგრელოს, იმერეთის და შიდა ქართლის დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების კვლევა ჩაატარა. კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით დევნილებს ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ. მარტოხელა ხანდაზმულებში ძალიან ხშირია კარჩაკეტილი ცხოვრება პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე. გადაადგილების შეზღუდვის მქონე ადამიანები მრავალსართულიან ცენტრებში მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს და ეს ძირითადად განპირობებულია არაადაპტირებული საცხოვრისებით. 

 პროექტს - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში” - ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტში ჩართულია დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA