მაია შიშნიაშვილი - გურჯაანი

მაია შიშნიაშვილი - გურჯაანი

 საოჯახო სახლების ისტორია

„მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, როცა ვფიქრობდი ჩემი შვილის მომავალზე, ვფიქრობდი იმაზე, რომ დღეს ის გარშემორტყმულია ყურადღებით ოჯახის წევრების მხრიდან,  მაგრამ როდესაც გამოვეცლებით ხელიდან მერე რა ხდება? რა ჩაანაცვლებს ამ ყველაფერს?“ - მაია შიშნიაშვილი

საოჯახო ტიპის სახლი ოჯახთან მიახლოებული გარემოა სადაც შშმ პირებს საშუალება აქვთ იცხოვრონ, მიიღონ ის ზრუნვა და სერვისები, რასაც ოჯახურ გარემოში მიიღებდნენ. განსხვავებით დიდი ინსტიტუციებისა, როგორიცაა შშმ პირთა თავშესაფრები და  ფსიქიატრიული საავადმყოფოები, აქ არ ხდება ამ ადამიანები გარიყვა საზოგადოებიდან, პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა ეძლევათ, რომ იყვნენ დამოუკიდებელნი, გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი უნარები, ეძლევათ საშუალება დასაქმდნენ და თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ.  საქართველოში და პოსტ საბჭოთა სივრცეში პირველი ასეთი საოჯახო ტიპის სახლი გურჯაანში გაიხსნა. შენობა სადაც პირველი ასეთი ოჯახი დაფუძნდა, ამ იდეის ავტორს და ინიციატორს, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის - „ხელი ხელს“ ხელმძღვანელს, მაია შიშნიაშვილს ეკუთვნოდა.

ასე დაიბადა იდეა შექმნილიყო ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული საცხოვრისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის. საჭირო იყო შექმნილიყო სერვისის მოდელი, რომელსაც შემდეგ შესთავაზებდნენ სახელმწიფოს, რომელიც თავის მხრივ გახდებოდა ამ სერვისის მხარდამჭერი და გარანტი.

გამოჩნდა დონორი, რომელმაც ირწმუნა ამ იდეის და ენდო საორგანიზაციო ჯგუფს, თუმცა თანხები არ იყო საკმარისი საცხოვრებლის შესაძენად, რამაც გადააწყვეტინა მაიას საკუთარი სახლი დაეთმო ამ საქმისთვის.

პირველი სახლის გახსნიდან სამი წლის შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ ეს მოდელი მუშაობს და წარმატებულია, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ მაია შიშნიაშვილის თაოსნობით,  შშმ ბავშვთა მშობლების მოძრაობასთან ერთად, დაიწყო ადვოკატირება სახელმწიფოსთან,  რომ ეღიარებინა ეს მოდელი და შეექმნა  სტანდარტები მისი დანერგვისთვის.

სახელმწიფო პროგრამაში არსებობს სათემო საცხოვრისების ქვეკომპონენტი, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 24 ადამიანი აცხოვრო ასეთი ტიპის საცხოვრებელში, მაგრამ საოჯახო ტიპის საცხოვრებლის იდეა და მიზანი სხვა სტანდარტების დანერგვა იყო, ასეთი ტიპის სახლში მაქსიმუმ 5-6 ადამიანი ცხოვრობს, რაც ოჯახურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოს ქმნის. ვინაიდან ეს იყო პირველი საოჯახო ტიპის სახლი,  მისი შესაფერისი სტატუსი კანონში ჯერ არ არსებობდა, ამიტომ „ხელი ხელს“ პროგრამაში მონაწილეობდა და დაფინანსებას იღებდა სათემო საცხოვრისის სტატუსით.

ადვოკატირების კამპანიამ დაიწყო მუშაობა სტატუსის შეცვლის მოთხოვნის კუთხით. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფებისთვისაც ძალიან ხილული გახდა ის ცვლილებები, რასაც ეს ადამიანები განიცდიდნენ მსგავსი მხარდაჭერის პირობებში, თუ როგორ იზრდება მათი დამოუკიდებლობის ხარისხი. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შევიდა კანონში ცვლილება და გაჩნდა ჩანაწერი  „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი  საცხოვრებელი“.

კანონში შესული ცვლილება იყო მთავარი გამარჯვება. ამ დროს დაფინანსების გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა, პრიორიტეტული იყო სტატუსის მინიჭება.  რაც უკვე ხარისხის გარანტიას წარმოადგენდა.

ამის შემდეგ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება საადვოკაციო საქმიანობაში იყო სტატუსის შეცვლის შემდეგ დღიური დაფინანსების ცვლილება. ადვოკატირების დროს სამიზნე იყო პარლამენტი.  თავდაპირველად იყო სამინისტროსთან თანამშრომლობის მცდელობა, თუმცა  უარის შემდეგ გადაწყდა ღია წერილით ოფიციალურად  პრემიერ მინისტრისათვის მიემართათ.

მიუხედავად პრემიერის მხრიდან მხარდაჭერისა,  საკითხმა დიდი კამათი გამოიწვია ფინანსთა სამინისტროში, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თუ საოჯახო საცხოვრებლებს გაუზრდიდნენ დაფინანსებას, უნდა გაზრდილიყო სხვა დაწესებულებებისთვისაც და ასეც მოხდა. საოჯახო საცხოვრებლებისთვის  მოთხოვნილი 150 000 ლარი წელიწადში  გაიზარდა  დამატებით ორ მილიონ ლარამდე. 

საბოლოო ჯამში შშმ ბავშვთა მშობლების ჩართულობით და მხარდაჭერით, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის - „ხელი ხელს“ და მისი ხელმძღვანელის მაია შიშნიაშვილის მიერ სწორად მიმართული ადვოკატირების კამპანიის შედეგად, 2018 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ საცხოვრებლებს დაფინანსება გაეზარდა იმ დროს არსებული დღეში 16 ლარიდან 30 ლარამდე.

ამ ეტაპზე საქართველოში 5 საოჯახო სახლია, სამი არის კახეთში და ორი თბილისში. თითოეულ სახლში 5-6 ოჯახის წევრია. თითოეულ ოჯახს ყავს ასისტენტი, არა ზედამხედველი ან ძიძა, არამედ მხარდამჭერი, რომლებიც ამ ადამიანებს უწევენ დახმარებასა და მხარდაჭერას დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ცხოვრების პირობებში.

 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA