CHCA აგრძელებს აქტიურ და მიზნობრივ თანამშრომლობას დასავლეთ საქართველოში მოქმედ სოციალურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან. 2025 წლის სექტემბერ–ოქტომბერში განხორციელდა 10 ადგილობრივი ორგანიზაციის სიღრმისეული შეფასება, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ კონფლიქტით დაზარალებულ და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე დაიგეგმა შესაბამისი ტრენინგ-კურსები, მათ შორის 2026 წლის „ჰუმანიტარული საოპერაციო სტანდარტების“ შესახებ, რომელსაც უძღვებოდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ჰუმანიტარული პრინციპები - ჰუმანურობა, ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, ასევე კოორდინაციის მექანიზმები, „არ დააზიანო“ პრინციპი, უსაფრთხოების პროტოკოლები და უკუკავშირის სისტემები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწრაფ შეფასებას, კლიმატური რისკების ანალიზს, მზადყოფნას, ადრეული გაფრთხილების სისტემებსა და საგანგებო სიტუაციების დაგეგმვას. ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში და მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებსა და საერთაშორისო სტანდარტების განხილვას.
ტრენინგში მონაწილეობდნენ სამეგრელოსა და აფხაზეთში მოქმედი 10 ჰუმანიტარული ორგანიზაციის დირექტორები და პროგრამული მენეჯერები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და სამუშაო მიდგომები. მსგავსი აქტივობები აძლიერებს ორგანიზაციებს შორის კოორდინაციასა და სინერგიას, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა შავი ზღვის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ERICS პროგრამის ფარგლებში.
