მიგრანტები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რთულ რეინტეგრაციის პროცესს გადიან. ემიგრაციის შემდეგ მათ ხშირად არ აქვთ სოციალური კავშირები, არ იციან შრომის ბაზრის მოთხოვნები და არ ფლობენ საკმარის რესურსებს საქმიანობის დასაწყებად. ეს ფაქტორები ზრდის წარუმატებელი დაბრუნების რისკს და უბიძგებს ნაწილს ხელახლა ემიგრაციისკენ, რაც ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგებს იწვევს. ამიტომ, კრიტიკულია მიზნობრივი მხარდაჭერა, რომელიც მათ საზოგადოებაში ეფექტიანად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ამ კონტექსტში, CHCA პარტნიორ ორგანიზაცია SSI-ის შვეიცარიის ოფისთან თანამშრომლობით უკვე 15 წელია ახორციელებს პროგრამას „შვეიცარიიდან დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაცია“. მიმდინარე წლის I კვარტალში წარმატებით განხორციელდა პროგრამის ფარგლებში უკვე მე-8 ქეისი. ნატას ისტორია ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები დაბრუნებული მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისთვის.
საქართველოს დატოვებამდე ნატა ოჯახთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობდა, სადაც საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ეს გამოცდილება შემდგომში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი საარსები წყაროების გაძლიერების მიმართულებით შემოსავლის მომტანი საქმიანობის დაწყებისას, რაც მისი პროფესიული უნარების მყარ საფუძველს წარმოადგენდა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნატას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, ჩართულიყო შვეიცარიის სოციალური სერვისის (SSI) და CHCA-ს მიერ ინიცირებულ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ეფექტურ რეინტეგრაციასა და მათთვის ახალი საწყისების შექმნას. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს როგორც ფინანსურ, ისე საკონსულტაციო მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს ბენეფიციარებს ადაპტაციისა და თვითრეალიზაციის გზაზე.
რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ნატას 4700 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის მატერიალური მხარდაჭერა გაეწია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი იდეის რეალიზაციისთვის და პირველადი კაპიტალის მოპოვებისთვის. მიღებული რესურბების რაციონალური გამოყენებით, ნატამ შეისყიდა მრავალფეროვანი საბავშვო ტანსაცმელი და აქსესუარები, რითაც საფუძველი ჩაუყარა საკუთარ მაღაზიას.
ამ მიზანმიმართული მხარდაჭერის შედეგად, ნატა წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. მისი საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია არა მხოლოდ ფინანსურად სტაბილური გახდა, არამედ დიდი პოპულარობითა და ნდობით სარგებლობს ადგილობრივ საზოგადოებაში, რითაც ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას და ქმნის სამაგალითო პრეცედენტს სხვა რეინტეგრანტებისთვის.
ეს წარმატების ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაბრუნებული მიგრანტების პოტენციალსა და მათი მხარდაჭერის აუცილებლობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.
