ჩვენი ეკოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილისა და ჩვენი მეგობრის შესახებ უნდა მოგიყვეთ - ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“ - გუნდი, რომელიც ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
ფესტივალის ფარგლებში კლუბის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული დღე აჩუქეს მალთაყვის დევნილთა დასახლების ბავშვებს, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და ჩვენი შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს.
მათ გამართეს საფეხბურთო მასტერკლასი, ითამაშეს ბავშვებთან ერთად, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ბავშვების განვითარებისთვის, ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის.
განსაკუთრებით ემოციური იყო „ოდიში 1919“-ის ფეხბურთელების მიერ ბავშვებისათვის ავტოგრაფიანი ბურთების საჩუქრად გადაცემა. ეს სიმბოლური ჟესტი დიდი სიხარულის მომტანი გახდა როგორც მალთაყვის დევნილთა დასახლების ბავშვებისთვის, ისე ჩვენი დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის და მათთვის შთამბეჭდავ მოგონებად დარჩება.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ოდიში 1919“ ჩვენი შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მხარდამჭერია და აქტიურად არის ჩართული მათთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნაში.
CHCA-სა და საფეხბურთო კლუბ „ოდიში 1919“-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ეფუძნება. პარტნიორობის ფარგლებში ვმუშაობთ შშმ და მოწყვლადი ბავშვებისათვის უფრო ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე.
ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული გამოხატულებაა ისიც, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კლუბის მაისურებზე განთავსებულია CHCA-ს ლოგო - სიმბოლო, რომელიც 30 წელია მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და განვითარებას ემსახურება.
გულითად მადლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ FC Odishi 1919-ს ეკოფესტივალში აქტიური ჩართულობისთვის, ბავშვებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარულ საქმიანობაში მუდმივი პარტნიორობისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც საკუთარი მაგალითით ავრცელებენ.
ერთად ვამტკიცებთ, რომ სპორტს შეუძლია გააერთიანოს ადამიანები, წაახალისოს თანასწორობა და თითოეულ ბავშვს მისცეს შესაძლებლობა, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.
ფესტივალი განხორციელდა UNDP Georgia და Embassy of Denmark in Georgia მხარდაჭერით, პროექტის "მწვანე მომავალი: უფლებები და სტაბილურობა" ფარგლებში, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის, ყველა მონაწილისა და სტუმრის სახელით!
