საცხოვრებლის ალტერნატივა და თანაბარი შეს...

საცხოვრებლის ალტერნატივა და თანაბარი შესაძლებლობები დევნილი ოჯახებისთვის

დევნილი ოჯახების საჭიროებები ერთგვაროვანი არ არის და, შესაბამისად, მათი მხარდაჭერაც მხოლოდ ერთი ფორმით ვერ შემოიფარგლება. ერთი ოჯახისთვის მთავარი გამოწვევა საცხოვრებელი ფართის არქონაა, მეორეს უკვე შექმნილი აქვს მინიმალური საცხოვრებელი პირობები, თუმცა კვლავ საჭიროებს მხარდაჭერას ცხოვრების ხარისხისა და ეკონომიკური მდგრადობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამიტომ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არჩევანის მრავალფეროვნება და ისეთი ალტერნატივების არსებობა, რომლებიც სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ დევნილ ოჯახებს მხარდაჭერის რეალურ შესაძლებლობას მისცემს.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი სიახლეა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის არსებულ პროგრამებთან ერთად ახალი ალტერნატივის, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი დახმარების, კომპენსაციის მექანიზმის შემოღება. შესაბამისი წესის მიხედვით, კომპენსაცია თითოეულ დევნილ პირზე 10 000 ლარს შეადგენს, რაც ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი შეიძლება გახდეს.

თუმცა ახალი მექანიზმის მნიშვნელობა მხოლოდ თანხის ოდენობით არ განისაზღვრება. არამედ, იგი აფართოებს მხარდაჭერის ფორმებს და დევნილ ოჯახებს კიდევ ერთ არჩევანს სთავაზობს. წლების განმავლობაში გრძელვადიანი განსახლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იყო ბინების გადაცემა და „სოფლად სახლის“ პროგრამა. ეს შესაძლებლობები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან უშუალო მხარდაჭერას საჭიროებს. ახალი მექანიზმი მათ არ ანაცვლებს. იგი არსებულ შესაძლებლობებს კიდევ ერთ ალტერნატივას მატებს და, შესაბამისად, მხარდაჭერის სისტემას უფრო მრავალფეროვანს ხდის.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში არსებული პროგრამების ფარგლებში ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოჯახების ნაწილმა საკუთარი შრომითა და რესურსებით შეძლო მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა და გარკვეული სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, თუმცა მათი საცხოვრებელი და სხვა არსებითი საჭიროებები სრულად არ დაკმაყოფილებულა. არსებული პრიორიტეტებისა და შეფასების კრიტერიუმების პირობებში კი მათ შესაძლოა ვერ მიეღოთ საკმარისი ქულა განსახლების შესაბამისი პროგრამებით სარგებლობისთვის.

ამ კონტექსტში, ახალ შესაძლებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ხანდაზმული დევნილებისთვისაც აქვს. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებმაც დევნილობაში ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარეს, თუმცა არსებული პროგრამების კრიტერიუმებიდან გამომდინარე, გრძელვადიანი განსახლებით სარგებლობის რეალური შესაძლებლობა დღემდე არ მისცემიათ. მათთვის ახალი მექანიზმი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობის უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივას ქმნის და შესაძლებლობას აძლევს, მიღებული რესურსით ცხოვრების ამ ეტაპზევე ისარგებლონ. ამ თვალსაზრისით, ახალი მექანიზმი არა მხოლოდ არჩევანის კიდევ ერთი ფორმაა, არამედ მხარდაჭერის რეალური შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვისაც, რომელთათვისაც არსებული განსახლების პროგრამებით სარგებლობის პერსპექტივა წლების განმავლობაში შეზღუდული იყო.

სწორედ აქ იკვეთება თანაბარი შესაძლებლობის პრინციპის პრაქტიკული მნიშვნელობაც. თანაბარი შესაძლებლობა ყოველთვის არ გულისხმობს ყველა ოჯახისთვის დახმარების ერთი და იმავე ფორმის შეთავაზებას. განსხვავებული მდგომარეობის მქონე ოჯახებისთვის რეალური თანასწორობა შეიძლება სწორედ არჩევანის მრავალფეროვნებასა და მათი საჭიროებების შესაბამისი შესაძლებლობების არსებობას ნიშნავდეს.

ერთი ოჯახისთვის მიღებული ფინანსური რესურსი შესაძლოა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უკავშირდებოდეს, მეორისთვის კი მნიშვნელოვანი იყოს განათლების, პროფესიული განვითარების, მცირე ეკონომიკური საქმიანობის ან საოჯახო მეურნეობის გაძლიერების თვალსაზრისით. შესაბამისად, ახალი მექანიზმის მნიშვნელობა უფრო ფართოდ შეიძლება დავინახოთ: იგი ოჯახს აძლევს დამატებით რესურსსა და არჩევანის შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები და მიღებული მხარდაჭერა მათ შესაბამისად მიმართოს, მოქმედი პირობების ფარგლებში.

ამასთან, ახალი მექანიზმი არ უნდა განვიხილოთ, როგორც დევნილთა საცხოვრებელი საჭიროებების უნივერსალური გადაწყვეტა. თითოეულ დევნილზე გათვალისწინებული 10 000 ლარის კომპენსაცია ყველა ოჯახის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელი ან სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სრულ მოგვარებას. თუმცა, მისი მთავარი უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არსებულ შესაძლებლობებს ემატება ახალი არჩევანი და ოჯახს უჩნდება მეტი სივრცე საკუთარი საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად.

საბოლოოდ, ახალი მექანიზმის მნიშვნელობა სამი ძირითადი მიმართულებით იკვეთება: იგი ქმნის დამატებით ალტერნატივას, ზრდის სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმების მრავალფეროვნებას და ახალ შესაძლებლობას აჩენს იმ დევნილი ოჯახებისთვისაც, რომლებიც არსებული განსახლების პროგრამებით ვერ სარგებლობდნენ. სწორედ ამ თვალსაზრისით შეიძლება გახდეს ახალი მიდგომა დევნილთა მხარდაჭერის უფრო მოქნილი სისტემის ნაწილი, სადაც განსხვავებულ საჭიროებას განსხვავებული შესაძლებლობა პასუხობს, ხოლო ოჯახს მეტი არჩევანი აქვს საკუთარი მომავლის განსაზღვრისას.

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA