ენერგოეფექტურობა ყოველთვის დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული - ზოგჯერ სახლში, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალების შეცვლასაც კი ხელშესახები შეღავათი მოაქვს.
გაიცანით მარინე შონია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსადან.
მარინე სოფელ თორსაში მარტო ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალის წყარო პენსიაა. ზამთარში სახლის გათბობა და დენის გადასახადის გადახდა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისთვის ყოველ დაზოგილ ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეუძლია, ეს თანხა სხვა საჭიროებებზე გადაანაწილოს.
პროექტის ფარგლებში, მარინემ სპეციალური „ენერგეტიკული კალათა“ მიიღო. ეს არის პრაქტიკული ნივთების ნაკრები, რომელიც ეხმარება მას, სახლში სითბო მარტივად შეინარჩუნოს და გაცილებით ნაკლები დენი მოიხმაროს.
კალათაში მოთავსებულია 6 ენერგოეფექტური (LED) ნათურა, მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები, პორტატული მზის დამტენი და ე.წ. „ჭკვიანი როზეტი“. ეს მოწყობილობები სახლის განათებისა და დენის ხარჯს მინიმუმამდე ამცირებს. რაც შეეხება გათბობას - კალათაში მოთავსებული ფანჯრის თბოიზოლაციური ფირები და სპეციალური ჰერმეტიზაციის ლენტები მარინეს დაეხმარება, რომ ზამთარში ოთახიდან სითბო აღარ დაიკარგოს.
თანხა, რომელიც აქამდე ტყუილად იხარჯებოდა არაეფექტურ განათებასა თუ სითბოს დანაკარგში, მარინეს ახლა შეუძლია მედიკამენტებს ან სხვა აუცილებელ საყოფაცხოვრებო საჭიროებებს მოახმაროს.
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.
