ენერგოეფექტური ღუმელი - ოჯახისთვის თბილი და, რაც მთავარია, ჯანსაღი გარემოს გარანტიაა.
გაიცანით 34 წლის მაკა კუხალეიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთიდან.
მაკა მეუღლესა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ვინაიდან მაკა და მისი ორივე შვილი შშმ პირები არიან, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ზამთარში სახლის გათბობა უდიდეს ფინანსურ და ფიზიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
აქამდე გასათბობად ოჯახი სტანდარტულ, ძველ შეშის ღუმელს იყენებდა, რომელსაც სითბოს შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით შეშა სჭირდება. პროექტის ფარგლებში, მაკას ოჯახს თანამედროვე ენერგოეფექტური ღუმელი - „პრომეთე“ (მოდელი B2) გადაეცა.
ძველი, არაეფექტური მოდელისგან განსხვავებით, მოდელი B2 50%-მდე ნაკლებ საწვავ რესურსს მოიხმარს. შედეგად, ოჯახს გასათბობად 2-ჯერ ნაკლები შეშა დასჭირდება, ოთახში კი სითბო გაცილებით დიდხანს შენარჩუნდება.
ტრადიციული ღუმელისგან განსხვავებით, თანამედროვე მოდელი ოთახში აღარ ტოვებს კვამლს და მავნე ნაწილაკებს, რაც ბავშვებისთვის ბევრად უფრო უსაფრთხო, ჯანსაღ და თბილ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
