ენერგოეფექტურობა, როგორც ენერგეტიკული სი...

ენერგოეფექტურობა, როგორც ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის გზა

ენერგოეფექტურობა, როგორც ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევის გზა

ენერგეტიკული სიღარიბე მხოლოდ მაღალი კომუნალური გადასახადები არ არის. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ოჯახს არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ საკუთარ სახლში სათანადო სითბო, ცხელი წყალი, განათება და სხვა აუცილებელი ენერგეტიკული სერვისები უზრუნველყოს.

ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში პროექტის ფარგლებში 34-მა ოჯახმა ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვისთვის მხარდაჭერა მიიღო. მათ შორის არიან შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, ხანდაზმული ადამიანები და ოჯახები, რომელთა შემოსავალი შეზღუდული ან სეზონურია.

მხარდაჭერა ოჯახების საჭიროებების მიხედვით განსხვავდებოდა: ხობის მუნიციპალიტეტში ოჯახებს გადაეცათ 10 ენერგოეფექტური ღუმელი, 5 წყლის გამაცხელებელი, 2 მზის ფოტოელექტრული პანელი და 5 ენერგეტიკული კალათი, ხოლო ფოთში - 2 წყლის გამაცხელებელი, 5 მზის პანელი და 5 ენერგეტიკული კალათი.

ეს ერთი შეხედვით სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიაა, თუმცა მიზანი ერთია - ოჯახმა ნაკლები ენერგია და ფინანსური რესურსი დახარჯოს, ისე რომ თავიანთ საჭროებეზე უარის თქმა არ მოუწიოთ.

მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მცხოვრებ ოჯახს შემოსავლის სიმცირის გამო ცხელი წყლით სარგებლობა მხოლოდ კვირაში ერთხელ შეეძლო. მზის კოლექტორის დამონტაჟების შემდეგ ოჯახს ცხელი წყალი ყოველდღე აქვს - დამატებითი კომუნალური ხარჯის გარეშე.

ხობში მცხოვრები ციალა კი პენსიონერია, რომლის ოჯახშიც მისი ასევე პენსიონერი შვილი და შშმ პირი შვილიშვილი ცხოვრობს. ოჯახია პენსიასა და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. 5 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული სისტემის დამონტაჟების შემდეგ ოჯახს ელექტროენერგიის გადასახადი პრაქტიკულად გაუნულდა, რაც ყოველთვიურად დაახლოებით 70 ლარამდე ეკონომიას ნიშნავს. ეს კი ის თანხაა, რომელიც ახლა სხვა საჭიროებებს შეიძლება მოხმარდეს.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერის, მარინეს შემთხვევაში, ენერგოეფექტურობა მცირე ცვლილებების ერთობლიობაა - LED ნათურები, მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები, პორტატული მზის დამტენი, „ჭკვიანი როზეტი“, ფანჯრების თბოიზოლაციური ფირები და ჰერმეტიზაციის ლენტები. მათი მიზანია ნაკლები ენერგიის მოხმარება და სახლში სითბოს უფრო ეფექტიანად შენარჩუნება.

მაკას ოჯახისთვის კი, სადაც ის და მისი ორივე შვილი შშმ პირები არიან და ოჯახი სოციალურად დაუცველია, ენერგოეფექტური ღუმელი ნიშნავს უფრო ეფექტიან გათბობას და, საწვავის მოხმარების დაახლოებით განახევრებას, ასევე უფრო ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს.

სწორედ ეს არის ენერგოეფექტურობის მთავარი სოციალური მნიშვნელობა: როდესაც ოჯახს ნაკლები ენერგია სჭირდება, მცირდება მისი ფინანსური ტვირთიც. დაზოგილი თანხა კი შეიძლება მოხმარდეს საკვებს, მედიკამენტებს, ბავშვების საჭიროებებს ან სხვა აუცილებელ ხარჯებს.

ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება მხოლოდ შემოსავლის გაზრდას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენი ენერგია სჭირდება ოჯახს ღირსეული და კომფორტული ცხოვრებისთვის. ენერგოეფექტური განათება, უკეთესი გათბობა, თბოიზოლაცია, ცხელი წყლის ეფექტიანი გამოყენება და განახლებადი ენერგია სწორედ ამ საჭიროების შემცირებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა 34 ოჯახისთვის ამ მიდგომის პრაქტიკული მაგალითია - როდესაც ენერგიის დაზოგვა აღარ არის მხოლოდ გარემოზე ზრუნვის საკითხი და ხდება სოციალური მხარდაჭერის, ოჯახის ხარჯების შემცირებისა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის საშუალება.

საორიენტაციო შეფასებით, მიღებულმა ენერგოეფექტურმა გადაწყვეტილებებმა ოჯახების ენერგოდანახარჯები სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიძლება შეამციროს: ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენების შემთხვევაში შეშის მოხმარება დაახლოებით 50%-მდე შეიძლება შემცირდეს; მზის წყლის გამაცხელებლებს წყლის გასაცხელებლად საჭირო ენერგიის დაახლოებით 50-70%-ის დაზოგვა შეუძლიათ; ენერგეტიკული კალათის ღონისძიებების ერთობლიობა კი ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს. მზის ფოტოელექტრული სისტემების ეფექტი დამოკიდებულია ოჯახის საწყის მოხმარებასა და სისტემის სიმძლავრეზე - პროექტის ბენეფიციარების შემთხვევაში ელექტროენერგიის გადასახადი თვეში დაახლოებით 50-70 ლარიდან პრაქტიკულად ნულამდე შემცირდა.

ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა ხომ სწორედ იქ იწყება, სადაც ოჯახს აღარ უწევს არჩევანის გაკეთება გათბობას, ცხელ წყალსა და სხვა აუცილებელ საჭიროებებს შორის.
 

ქუთაისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communications@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: communcations@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 577 960 444
E-mail: zugdidi@chca.org.ge

სოფ. რუხი
Tel.: 032 2 152 911
E-mail: hotline@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA