„საკუთრებაში მაქვს 1.2 ჰა სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი, სადაც უხვმოსავლიანი ჯიშის ხახვი მომყავს. ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება დავაგროვე, აგროვადების და შესაბამისი ტექნოლოგიების დაცვით ყოველთვის ხარისხიან პროდუქციას ვაწვდი მომხმარებელს“.
რამაზ წიკლაურმა USAID Zrda-ს ფარგლებში 2019 წლის დეკემბერში 5.000 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი მიიღო და თანხა 500 კგ ხარისხიანი სათესლე მასალის შესაძენად, მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად და ნათესების მოსავლელად გამოიყენა.
„ჩემი ბიზნესის წარმატებულობას ხელს უწყობს მიწის ნაყოფიერება, გასარწყავება, ბაზარზე მაღალი მოთხოვნა და სარეალიზაციო ბაზრთან სიახლოვე, ამასთან, მებოსტნეობის საფუძვლიანი ცოდნაც. მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოში უკვე დაახლოებით 30 ტონა მოსავალი მივიღე. პროდუქციას ადგილზე შემსყიდველებზე, რომლებთანაც რამდენიმეწლიანი საქმიანი ურთიერთობა მაქვს, ბითუმად გავყიდი“.
რამაზ წიკლაურის სამომავლო გეგმა ვაშლის ბაღის თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენება გახლავთ. მისი მიზანი ერთ კვადრატულ მეტრზე მეტი მოსავლის მიღება და მაღალი ღირებულების მქონე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოებაა. ბიზნესში ოჯახის წევრებიც არიან ჩართულნი და კონსულტაციებს რეგულარულად გადიან აგრონომებთან.