დოკუმენტი წარმოადგენს ანალიტიკურ ხედვას ფოთსა და ხობში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ, გარემოსდაცვითი მდგრადი პრაქტიკების მიმართ. ეს არის მცდელობა, გამოიკვეთოს, როგორ ესმის ამ ჯგუფს „მდგრადობა“, როგორია მათი ყოველდღიური ქცევები ენერგიის მოხმარების, ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების დაზოგვის, ეკოლოგიური ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის თვალსაზრისით.
წინამდებარე კვლევაში „მდგრადობა” განიხილება არა როგორც აბსტრაქტული ეკო-ტერმინი, არამედ როგორც ყოველდღიური ადაპტაციისა და რესურსების რაციონალური მართვის პრაქტიკა.
კვლევა ააშკარავებს მრავალმხრივ უთანასწორობას, რომელიც სისტემურად ისახება განათლებაში, დასაქმების შესაძლებლობებში და ენერგო რესურსებზე წვდომაში. მონაწილეთა უმრავლესობა — საშუალო ასაკის მქონე დევნილი ქალები— გვიჩვენებს სამიზნე ჯგუფის იმ სეგმენტს, რომელიც ყველაზე აქტიურადაა ჩართული ოჯახურ და სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა მათთვის ეკონომიკური თვითკმარობა კვლავ მიუღწეველია. უმუშევრობა და სოციალურ დახმარებებზე მაღალი დამოკიდებულება ასახავს შრომის ბაზრიდან გარიყვის ქრონიკულ ტენდენციებს, განსაკუთრებით — ქალებში.
მნიშვნელოვანი ასპექტია რესპონდენტების მიერ კომუნალური ვალდებულებების შესრულების სირთულე — Eurostat-ის მატერიალური დეპრივაციის ინდიკატორის შესაბამისად, აღნიშნული სირთულეები წარმოადგენს ეკონომიკური მოწყვლადობის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს. ასევე იკვეთება ენერგორესურსების გამოყენებისა და დაზოგვის დაბალტექნოლოგიური ხასიათი — მოსახლეობა მიისწრაფვის ხარჯების მინიმალიზაციისკენ, თუმცა ამას არ ახლავს გარემოსდაცვითი ცნობიერება და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები.
აღნიშნული ანალიზი მიზნად ისახავს არა მხოლოდ არსებული ვითარების აღწერას, არამედ იმ კულტურული, ეკონომიკური და სოციალურ-ეკოლოგიური კონტექსტის გააზრებას, რომელშიც დევნილთა ქცევა ფორმირდება. ეს არის მცდელობა, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი გაერთიანდეს სოციალური მოწყვლადობის განცდასთან, რათა მდგრადობა არ იქცეს მხოლოდ პრივილეგირებული ჯგუფების შესაძლებლობად.
შესაბამისად, დოკუმენტი წარმოადგენს ერთგვარ ხიდს — დევნილთა გამოცდილებასა და იმ პოლიტიკურ-სტრატეგიულ ამოცანებს შორის, რომლებიც მუნიციპალურ განვითარებასა და გარემოსდაცვით პრიორიტეტებს ეხება.
