პროექტის 100-მდე მონაწილე საგრანტო კონკუ...

პროექტის 100-მდე მონაწილე საგრანტო კონკურსში ჩაერთო

18 თებერვალს დასრულდა 5 დღიანი ტრენინგი, რომელიც სოციალური უნარებისა და ბიზნეს გეგმის შედგენის თემებს მოიცავდა. ტრენინგები 22 იანვარს დაიწყო და ის ზუგდიდის საარსებო წყაროების განვითარების ცენტრსა და რუხის ინოვაციური განვითარების ცენტრში, რომელიც აფხაზეთის ა/რ გამყოფ ხაზთან მდებარეობს, მიმდინარეობდა. ტრენინგებში მონაწილეობენ მეწარმეები აფხაზეთიდან და სამეგრელოს რეგიონშიდან. მონაწილეები შეირჩნენ მათ მიერვე წარმოდგენილი ბიზნეს იდეის საფუძველზე. ტრენინგების დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე საგრანტო კონკურსში ჩაერთვება, საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორები საშუალოდ 2000 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად.
 
დავით გუჩუა, პროექტის მენეჯერი:
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებული ადამიანების ეკონომიკურ გაძლიერებას. ტრენინგების თითოეულ ჯგუფში მონაწილეობენ დევნილები და მასპინძელი თემის წარმომადგენლები. ერთ ჯგუფში გაერთიანებით გვინდა ხელი შევუწყოთ მათ დაახლობას, იდეების ურთიერთგაცვლას. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი თუ ეს თემები ერთმანეთს შემდგომშიც დაუკავშირდებიან და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთში გაცვლიან“.
 
მზია თოლორდავა, ტრენინგის მონაწილე
მზია თოლორდავა სოფელ მუხურში, ჩხოროწყუში ცხოვრობს. ის ტრენინგების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. მისი ბიზნეს იდეა საკუთარ სახლში კეთილმოწყობილი სივრცის მოწყობს და ახალგაზრდებისათვის ინგლისური ენის სწავლებას გულისხმობს. გარდა ამისა, ახალ და კეთილმოწყობილ სივრცეში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების, შეხვედრების და სხვა საინტერესო დისკუსიების გამართვა. „წლებია ინგლისურ ენას ვასწავლი, ვიცი მოთხოვნა ჩემს სოფელსა და ახლომდებარე სოფლებშიც ძალიან მაღალია, ახალი, კომფორტული, ადაპტირებული სივრცის მოწყობა კი ხელს შემიწყობს მოვიზიდო მოსწავლეები და სხვა ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ შეისწავლონ ინგლისური ენა.“
 
კახაბერ გოგინავა, ტრენინგის მონაწილე
კახაბერ გოგინავა სოხუმიდან დევნილია, ამჟამად კი ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობს. ის ტრენინგების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. კახაბერ გოგინავა სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და პარალელურად მცირე ბიზნეს საქმიანობასაც ეწევა, მსურველებს კომპიუტერულ, ფოტო და ვიდეო მომსახურებას სთავაზობს. მისი ბიზნეს იდეა უკვე არსებული ბიზნეს საქმიანობის განვითარება გახლავთ. „ტრენინგები ძალიან სასარგებლო იყო, ბიზნეს გეგმის შედგენა და ჩემი იდეის სწორად ჩამოყალიბება და დასაბუთება არ გამიჭირდება. მე ჩემს ოფისში ფოტო და ვიდეო აპარატურის განახლება მჭირდება, მინდა მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზო. ფოთში ბევრი სასტუმროა, არიან ასვე საქალაქო ორგანიზაციები, რომლებსაც სერვისს შევთავაზებ. ვფიქრობ, კლიენტების სიმცირის პრობლემა არ მექნება. ამ ეტაპზე ჩემს ოფისს მარტო მე ვამუშავებ, განახლებული ტექნიკით და გაზრდილი კლიენტების რაოდენობით, ვფიქრობ, სხვების დასაქმების შესაძლებლობაც მექნება.“
 
გურამი გადელია, ტრენინგის მონაწილე
გურამი გადელია გალიდან დევნილია, ამჟამად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ცხოვრობს. ის რუხის ინოვაციური განვითარების ცენტრში ჩატარებულ 5 დღიან ტრენინგს აქტიურად ესწრება. გურამ გადელია ვეტერინარია და რიყესა და ახლომდებარე სოფლებში მოსახლეობა ემსახურება. „სოფლებში ვეტერინარებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ჩვენს მხარეში (სოფლები - რიყე, ზრდაეწერი, რუხი, ჩხორია) ფაქტობრივად კონკურენტი არ მყავს და ჩემს ხელთ არსებული მწირი ინსტრუმენტებით ვემსახურები მოსახლეობას. ჩემი ბიზნეს იდეა ინვენტარის განახლებას და ახალი საშუალებების შეძენას გულისხმობს, რაც საშუალებას მომცემს სრულყოფილი მომსახურება შევთავაზო მოსახლეობას. ამ ეტაპზე თვეში 20-მდე გამოძახება მაქვს, რაც განახლებული საშუალებების მერე, ბუნებრივია, გაიზრდება. ტრენინგები ჩემთვის ბევრი მიმართულებით იყო საინტერესო და სასარგებლო. გარდა ცოდნის გაღრმავებისა და ბევრი, ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა, აქ გავიცანი ადამიანები, რომლებთანაც მომავალში საქმიანი ურთიერთობები მექნება. გარდა ამისა, მივიღე რჩევები პროფესიონალებისაგან, რაც ჩემი ბიზნეს გეგმის შედგენაში დამეხმარება. ტრენინგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმედია ჩემი ბიზნეს გეგმა კონკურენტუნარიანი იქნება და დაფინანსებას მივიღებ.“,

ტრენინგების კურსი 22 იანვარს დაიწო და 18 თებერვალს დასრულდა. 5 დღიანი ტრენინგის 93 მონაწილეს დასრულებული ბიზნეს გეგმების წარმოდგენის ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს. სპეციალურად შეკრებილი საგრანტო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში ASB საქართველოს, ცენტრი „აფხაზეთის“, ზუგდიდში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან, 11-12 მარტს შეიკრიბება და 50 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორს გამოავლენს. აპრილში კი 50 ბიზნეს შემოთავაზების ავტორი გრანტის სახით 2,000 ევროს მოცულობის დახმარებას მიიღებს მატერიალური სახით.
 
პროექტს “დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ხორციელდება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ და ASB საქართველოს მიერ. პროექტის დონორია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA